საზოგადოება
2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს მიაღწევს, წამყვანი მასწავლებლის 2150 ლარს, მენტორი მასწავლებლების კი, 2450 ლარს - მამუკა ბახტაძე

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. განათლების სისტემის რეფორმა უკავშირდება საკმაოდ მტკივნეული საკითხების გადაჭრას და უპირველესია პედაგოგების კომპეტენციის დადასტურებისა და მათი სტატუსის ამაღლების შესაბამისად ანაზღაურების ზრდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მან განმარტა, რომ განათლების რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს – სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

ხუთივე ეს მიმართულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს.

ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას მასწავლებლებისთვის.

მათთვის კომპეტენციის შესაფერისი და ღირსეული შრომის ანაზღაურება არის საბაზისო ნაბიჯი რეფორმის განხორციელების გზაზე. მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე, როგორც იდეის ავტორი, ერთ-ერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა, მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – თქვენ ხართ ადამიანები, რომელმაც უნდა აღუზარდოს ქვეყანას მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პირადად განათლება ეროვნული იდეა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, შრომის ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო.

ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის იყო უმძიმესი ტვირთი, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან.

მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება“, – აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის, ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს და წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მთავარია, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, ეროვნული იდეის მიხედვით, ბიუჯეტის მეოთხედი ყოველთვის იქნება მიმართული განათლებისკენ, პედაგოგებისკენ, რომლებმაც საქართველოს მომავალი თაობები უნდა აღუზარდოს.