საზოგადოება
აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ ჰიბრიდულ საფრთხეებს გავუმკლავდეთ - გიორგი გახარია

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ სხვადასხვა გამოვლენით ჰიბრიდულ საფრთხეებს გავუმკლავდეთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც მთავრობის დამტკიცების საკითხს განიხილავდნენ.

გიორგი გახარია დეპუტატების კითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთ საკითხად დასახელდა ქვეყნის ჰიბრიდული გამოწვევები და ამასთან ბრძოლა. გიორგი გახარიას თქმით, ამ კუთხით ძირითადი ამოცანა იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობა.

ჰიბრიდული გამოწვევები ეს არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის სერიოზული პრობლემა თანამედროვე სამყაროში. დიდი სისტემური სახელმწიფოებიც რთულად უმკლავდებიან მსგავს გამოწვევებს, არაფერი რომ არ ვთქვათ ჩვენს მდგომარეობაზე, განსაკუთრებით ამ საკმაოდ რთულ რეგიონში.

გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩვენ ამ მიმართულებით გვიჭირს და აქ სწრაფი შედეგის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეფექტური თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ძირითადად ჩვენ აქ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, ევროკავშირთან. ისინი ქმედით დახმარებას გვიწევენ, რომ ჩვენ ჰიბრიდული საფრთხეები, სხვადასხვა გამოვლენით, რბილი ძალიდან დაწყებული, სხვადასხვა ფორმებით გამოვლენით, მათ შორის საინფორმაციო – გავუმკლავდეთ.

თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს „ფეიკ ნიუსის“ პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არ არის ის პრობლემა და ის გამოწვევა, რომელთანაც მარტივად შეიძლება ბრძოლა, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც ემთხვევა ბევრი სხვადასხვა, დიდი, სისტემური გლობალური მოთამაშის ინტერესი. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენი ძირითადი ამოცანა იქნება, მაქსიმალურად ეფექტურად ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.