საზოგადოება
საქართველოში ვიმყოფები, რათა ვთქვა, რომ გვჯერა, საქართველოსა და მის მოსახლეობას აშშ-სა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს - ფილიპ რიკერი

 საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განკარგულებით, მე დღეს საქართველოში ვიმყოფები, რათა ვთქვა, რომ გვჯერა, საქართველოსა და მის მოსახლეობას აშშ-სა და ამერიკელ ხალხზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნები ამჟამად გვერდიგვერდ იბრძვიან ავღანეთში საერთო მიზნებისთვის. ამასთან, როგორც რიკერმა განაცხადა, მათ მრავალ სფეროში განავითარეს ძლიერი პარტნიორობა.

გვინდა, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო განვითარდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად როგორც მეგობრები, პარტნიორები და საბოლოოდ როგორც მოკავშირეები. მათთვის, ვისაც აშშ-ის ერთგულებასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს, უნდა შეხედოს ფაქტებს. ზოგჯერ მნიშვნელოვანია საზოგადოების შეფხიზლება ატლანტიკის ორივე მხარეს იმის შესასწავლად, რას ვიზიარებთ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკის დიდმა ტვინებმა გაიხედეს ატლანტის ოკეანის გაღმა და გააცნობიერეს, რომ მნიშვნელოვანი იყო ინსტიტუტების შექმნა მეორე მსოფლიო ომის მსგავსი მორიგი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. მართალია, დაიწყო „ცივი ომი“, თუმცა შევძელით ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობისა და წარმოუდგენელი კეთილდღეობის პერიოდის შენარჩუნება, რომელიც გაგრძელდა 90-იანი წლების შემდეგ, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, კომუნიზმის დანგრევისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ეს ეფუძნება საერთო ღირებულებებს.

მინდა, შეგახსენოთ ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა არა მხოლოდ მოაწერა ხელი, არამედ სრულად დაუჭირა მას მხარი. ჩვენ ყველავ ვიცით, პრეზიდენტ ტრამპს ამ დეკლარაციის რომ არ სჯეროდა, მას ხელს არ მოაწერდა. ეს დოკუმენტი მოიცავდა ნატო-ს გაფართოების საკითხსაც. ამჟამად, ჩვენ ვართ ნატო-ში 30-ე წევრის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მიღების პროცესში. აშშ-ის სენატში რატიფიცირების პროცესი ამ შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. გვჯერა, რომ დანარჩენი 28 მოკავშირე ასევე დაასრულებს ამ პროცედურას, რომ შევძლოთ, მივესალმოთ 30-ე წევრს. ყველა იმ ქვეყანას, რომელიც გაწევრიანდა ნატო-ში, მოუწია ერთი და იგივე სტანდარტის დაკმაყოფილება. ეს მშპ-ს ორი პროცენტის ოდენობის სამხედრო ხარჯების გარდა, არის ღირებულებების, სტანდარტების ერთობლიობა“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს აერთიანებთ იმის ცოდნა, რომ იცავენ ღირებულებების ერთიანობას.

ყველა ქვეყანა და ყველა კულტურა ინდივიდუალურია, თუმცა ერთად ჩვენ გვაქვს ღირებულებების ერთიანობა და ეს ალიანსს იმ წარმოუდგენელ ძალას ანიჭებს, რომელიც მას გააჩნია. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ეს ნაბიჯები გადადგას. სწორედ ამიტომ როგორც მეგობრები და პარტნიორები, ძალიან გულწრფელები ვართ, როდესაც ვსაუბრობთ პრობლემებზე, რეკომენდაციებზე, რესურსებისა და იდეების მიწოდებაზე, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაძლიეროთ თქვენი დემოკრატია. ეს არის ის გზავნილი, რომელიც მე დღეს მომაქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მე მექნება საშუალება, ვესაუბრო ასევე პოლიტიკურ ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ნამდვილად ვაფასებ, რომ მომეცა საშუალება, ფორუმში მიმეღო მონაწილეობა“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.