პუბლიკაციები
გულბაათ რცხილაძე: უნდა დამთავრდეს დრო, როცა პრემიერი რუსეთის ხსენებასაც ვერ ბედავდა იმის შიშით, არიქა, რუსეთუმეობა არ დამწამონო

   თუ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იქნები, სულ დაგახურავენ თავზე ყველაფერს და მალე გახდები მამუკა ბახტაძე”

ცნობილმა ამერიკელმა დიპლომატმა, ამჟამად ფლორიდის უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა დევიდ კრამერმა რადიოსადგურ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოს მხრიდან მოსკოვისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას, შესაძლოა, შედეგი მოჰყვეს, რადგან, როგორც გამოცდილება აჩვენებს, “პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის”. მისი თქმით, მიდგომა, რომ კრემლთან პირდაპირი დიალოგითა და რიტორიკის შერბილებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არსებითი წარმატების მიღწევა შესაძლებელია, საფუძველს მოკლებულია, ამიტომ საქართველოს ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს არა ზედმეტად ფრთხილ პოლიტიკაზე, რომელიც ხშირად კრემლისადმი ლოიალურობად აღიქმება, არამედ წინააღმდეგობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

შეგახსენებთ: დევიდ კრამერი ერთადერთი დასავლელი გავლენიანი დიპლომატი არ არის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისადმი პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მსგავს განცხადებებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და ცალკეული სენატორებიც ხშირად აკეთებენ. პარალელურად იგივე სუბიექტები უკვე ღიად და დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ “დემოკრატიულ” დასავლეთში რუსეთთან დიალოგის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება. ამის მაგალითია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ცოტა ხნის წინათ დიპლომატებთან შეხვედრაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც მოსკოვთან აუცილებელი დიალოგის პარალელურად უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნას ეხებოდა; ამის დასტურია დონალდ ტრამპის შეფასებაც დიდი შვიდიანის ფორმატში რუსეთის დაბრუნების აუცილებლობაზე…

რას ნიშნავს დასავლეთის მხრიდან საქართველოს წაქეზება კრემლთან ურთიერთობების გამწვავებაზე და რას მოიტანს რეალურად ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ თვითონ დასავლეთი დიალოგსა და მოლაპარაკებებს ამჯობინებს ოფიციალურ მოსკოვთან, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება “ევრაზიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

-ბატონო გულბაათ, ბოლო პერიოდში დასავლელი დიპლომატები თუ პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ საქართველომ არ უნდა შეარბილოს რუსეთისადმი პოლიტიკა. მათი შეფასებით, პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მასზე ზემოქმედება უნდა გავაძლიეროთ, თუმცა თვითონ დასავლეთი კრემლთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. რაზეა გათვლილი რეალურად ეს ყველაფერი? რატომ უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ხისტი და უხეში რუსეთისადმი, თუ დასავლეთი სათავისოდ სრულიად საპირისპიროს ამჯობინებს?

-პირველ რიგში, აქ, ალბათ, ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც, ვფიქრობ, ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს _ ის განცხადებები, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკის შერბილება არ შეიძლება, რადგან მას, თურმე, მხოლოდ ძალის ენა ესმის და ის განცხადებები, რომ სწორედ რუსეთთანაა დიალოგი აუცილებელი, ვინაიდან მასთან ნორმალური ურთიერთობის გარეშე დასავლეთში მშვიდობა ვერ იქნება, სრულიად სხვადასხვა დონეზე კეთდება. პირველი გვესმის ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მაინცდამაინც დიდი პოლიტიკური წონის მქონე ფიგურებს არ წარმოადგენენ; მეორე განცხადებებს კი უშუალოდ ლიდერები აკეთებენ.

ტრამპსა და მაკრონს რაც შეეხება, რომელთა პოზიციაც ის არის, რომ რუსეთი უნდა დაბრუნდეს დიდ რვიანში და მასთან დიალოგის პარალელურად ევროპამ უსაფრთხოების ახალი სისტემა შექმნას, მათ საქართველო საერთოდ არ ჰქონდათ მხედველობაში, იმიტომ, რომ საქართველო მათთვის დღის წესრიგში არ დგას. ახლა ვიღაცას თუ ჰგონია, რომ ჩვენი ტერიტორიული პრობლემები და კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები, იქნება ეს ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები თუ სხვა, დღევანდელ დასავლეთს პირველ საკითხად აქვს ყველა ფორმატში, შეუძლია ამ ილუზიებში იცხოვროს, მაგრამ რეალობა ასეთია: ტრამპი და მაკრონი საჯაროდ აცხადებენ, რომ აუცილებელია დიალოგი რუსეთთან, ხოლო ისეთი დაბალი დონისა თუ რანგის სუბიექტები, როგორებიც არიან ბრაიზა, კრამერი და სხვები, გვაქეზებენ… ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველო დასავლეთისთვის არის ერთგვარი სარეზერვო იარაღი და გაცვლითი მონეტა, რომელსაც, სად როგორც დასჭირდებათ, ისე გამოიყენებენ. აი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ხისტი მოწოდებები, რომლებიც ცალკეული დიპლომატებისგან გვესმის. სხვათა შორის, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაც ასეთმა წაქეზებებმა მიიყვანა იარაღის ჟღარუნის პოლიტიკამდე და მერე, რით დამთავრდა ეს ყველაფერი, ვნახეთ. ვიღაცამ მართლა დაიჯერა, რომ ნატო დაგვიცავდა; ვიღაცამ შეიძლება, არ დაიჯერა, მაგრამ მაინც აუბა მხარი შტერი თავების მიერ წამოწყებულ ავანტიურისტულ პოლიტიკას და მივიღეთ ომი. არ ვამბობ, რომ ახლაც ომის საფრთხის წინაშე ვდგავართ, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ის, რომ მსგავსი წაქეზებები დასავლელი, თუნდაც ყველაზე დაბალი რანგის, პოლიტიკოსებისა თუ დიპლომატების მხრიდან ჩვენთვის საზიანოა, ცხადია.

-მსგავსი წაქეზებები მოქმედებს დღევანდელ ხელისუფლებაზე?

-ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე უგუნური და რეალობას აცდენილი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ, სამწუხაროდ, მმართველ გუნდშიც არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, მეტად მნიშვნელოვანია ნატოსთვის. შეიძლება, ეს წლების წინათ იყო ახლოს რეალობასთან, როცა კოლექტიური დასავლეთი ერთიანი იყო, მათთან იყო თურქეთიც და მათი პოლიტიკა რუსეთის სამხედრო იზოლაციაში მდგომარეობდა, მაგრამ დღეს იმ ვითარებაში, როცა დასვლეთი დაიქსაქსა, შავი ზღვის აუზში რუსეთი და თურქეთი აწარმოებენ კოორდინირებულ პოლიტიკას და სირიის საკითხსაც სწორედ ერთმანეთთან შეთანხმებით აგვარებენ, საქართველო გეოგრაფიულად მოწყვეტილია დასავლურ სამყაროს. შესაბამისად, ის აღარ არის დასავლეთისთვის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საიმედო დასაყრდენი, რადგან ამ ვითარებაში ჩვენ უფრო ზრუნვის საგანი, მარტივად რომ ვთქვათ, უსარგებლო ტვირთი ვხდებით, ვიდრე, ვთქვათ, პლაცდარმად გამოსადეგი ტერიტორია.

ახლა გადავხედოთ სხვა მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკას, მაგალითად, სომხეთი ავიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ იქ ხელისუფლების სათავეში ლიბერალური ძალები მოვიდნენ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, მაინც იცავენ რაღაც ნორმას და წითელ ხაზებს არ გადადიან რუსეთთან ურთიერთობაში. მეტიც, ამას წინათ ნიკოლ ფაშინიანმა სოლიდარობა გამოუცხადა ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის სრულიად უსამართლოდ არ მიიწვიეს პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყების აღსანიშნავ ღონისძიებაზე… როდესაც რეგიონის ყველა ქვეყანა ერთმნიშვნელოვნად ცდილობს, გააღრმავოს რუსეთთან ურთიერთობა; როცა ჩვენი ყველაზე დიდი “ხსნა” და “იმედი” _ “დემოკრატიული დასავლეთიც” საუბრობს ოფიციალურ მოსკოვთან დიალოგის აუცილებლობაზე, ვინ უნდა იყოს ჩვენი მშველელი (ან რატომ გავიხადეთ თუ უნდა გავიხადოთ საქმე საშველად?)? რომელმა ძალებმა უნდა უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება, თუ საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო გეოპოლიტიკურ ასპარეზზე ამინდის შემქმნელი სხვა დიდი სახელმწიფოები უკვე დაუფარავად საუბრობენ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაზე? სამწუხაროდ, დღეს საქართველო ამოვარდნილია კონტექსტიდან და ჩარჩენილია 20 წლისწინანდელ პერიოდში.

-რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეიცვალოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და მუდმივად დაძაბულობის რეჟიმში არ ვიყოთ?

-პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა გამოვიდეს იმ მავნე პოლიტიკური კომპლექსიდან, რომ კრემლთან დიალოგი არ შეიძლება, ვინაიდან ის ოკუპანტია და ოკუპანტს როგორ უნდა ელაპარაკო. ეს ერთი. მეორე, რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო: ვერაფრით ვერ დავეთანხმები ბატონ გიორგი გახარიას, რომ თურმე აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ჟენევის ფორმატთან ერთად, სრულიად საკმარისია და სხვა რამ საჭირო არ არის. არ არის და მაშინ გაგრძელდება ეს ე.წ. ბორდერიზაცია, ეკონომიკური სანქციები და ა.შ. მივიღებთ ისევ დუხჭირ ცხოვრებას და ამაში ჩავლპებით საბოლოოდ. აი, ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა, თუ, კიდევ ვიმეორებ, ახლო მომავალში სერიოზული გარღვევა არ მოხდება. ამას გულისტკივილით ვამბობ და ბატონი გახარია შემთხვევით არ მიხსენებია. ის საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია და შეუძლებელია, არ ესმოდეს, რომ დღევანდელ ვითარებაში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ჰაერივით სჭირდება საქართველოს. როგორ და რანაირად, ვთქვი და გავიმეორებ: უნდა დამთავრდეს დრო, როცა პრემიერი სიტყვა რუსეთის ხსენებასაც ვერ ბედავდა იმის შიშით, არიქა, რუსეთუმეობა არ დამწამონო. თუ მუდმივად თავდაცვის რეჟიმში იქნები, სულ დაგახურავენ თავზე ყველაფერს და მალე გახდები მამუკა ბახტაძე. ეს შემიძლია ვთქვა პირდაპირ. მე, როგორც კეთილისმოსურნე, ისე ვაკრიტიკებ და შევუძახებ აქედან, თორემ კაცი ჯერ მოსული არ არის თანამდებობაზე და უკვე ვატყობ ძალიან ცუდ ტენდენციას, რომ, როგორც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი იყო გარემოცული ყალბი ქათინაურების მომღერალი მლიქვნელებით, ზუსტად ასეა გიორგი გახარიაც. არ უნდა ეს ამ ადამიანს. თუ არის პოლიტიკოსი _ ამას გაიგებს, თუ არ არის _ დაამთავრებს ძალიან ცუდად…

-თუმცა გარკვეული კომპლექსები, რომ რუსეთუმეობა არ დასწამონ, ალბათ, ახალ პრემიერსაც ექნება

-გახარია არ არის ვიღაც კლერკი, კაცს ლომონოსოვის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. რაც შეეხება შიშს, რომ რუსეთუმეობა არ დასწამონ, რუსეთუმეს იარლიყებს ვინც არიგებს, ვიცით. ამას აკეთებს “ლიბერასტული” პროპაგანდა და ამ პროპაგანდის უკან მდგომი მარგინალების ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს პრემიერს. გადადგას ნაბიჯი და, ვინ წავა მის წინააღმდეგ, ყველა ვნახავთ; ისინი იქნებიან ნარკობარიგებისა და ლგბტ-თა ერთი მუჭა აქტივი. დანარჩენი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მხოლოდ მიესალმება, თუ დაინახავს, რომ რეალური ძვრები დაიწყო და რუსეთთან ურთიერთობა გვარდება. აი, ეს არის ჩვენი დღევანდელი მოცემულობა, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკის რეალურად განხორციელება სჭირდება.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

http://geworld.ge/ge/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%91%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97-%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90/