უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მზად არის, საუდის არაბეთს თავდაცვაში დაეხმაროს, თუ ერ-რიადი რუსული იარაღის შეძენას გადაწყვეტს

 საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი მზად არის, საუდის არაბეთს თავდაცვაში დაეხმაროს, თუ ერ-რიადი რუსული იარაღის შეძენას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ანკარაში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ შემაჯამებელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. რუსეთის ლიდერმა საუდის არაბეთის ხელისუფლებას „ეს-300“-ისა და „ეს-400“-ის კომპლექსების შეძენა შესთავაზა.

„მათი ქვეყნის დასაცავად, ჩვენ მზად ვართ შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ საუდის არაბეთს, საუდის არაბეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის კი საკმარისია, მიიღოს ბრძნული სახელმწიფო გადაწყვეტილება, როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს ირანის ხელმძღვანელებმა „ეს-300-ის“ ყიდვით და გააკეთა პრეზიდენტმა ერდოღანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო უახლესი კომპლექსების, ეს-400 „ტრიუმფის“ შეძენით. ისინი საიმედოდ დაიცავენ საუდის არაბეთის ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტს“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „არამკოს“ ობიექტებზე თავდასხმა 14 სექტემბერს განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანთან დაკავშირებულმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ. საუდის არაბეთი თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს.

1tv.ge