საზოგადოება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლეს, უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა ის აბიტურიენტი, რომელიც ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა ვერ შეძლო, შესაძლებლობა აქვს, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხოს.

შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“კანონში შედის, რომელსაც პარლამენტს ინიციატივის სახით მთავრობა სთავაზობს.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს. მთავრობის განმარტებით, სახელმწიფოს ეს ინიციატივა შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.

2019 წლის ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დარეგისტრირებულმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა აბიტურიენტებმა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა. აღნიშნულის საფუძველზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, აბიტურიენტებმა, რომლებმაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასურველ საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან”, – განმარტავს მთავრობა.

რაც შეეხება გამოცდებზე დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობას, მთავრობის ცნობით, გამოცდებზე 201 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რის შესაბამისადაც მიმდინარე წლის საპროგნოზო ხარჯი 226.1 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო მომდევნო წლის 452.2 ათასი ლარით.