აქტუალური
საქართველო მონაწილეობს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო ძალების ქმედებებში, ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობელია - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. იმ დროს, როდესაც 2030 წლის მიზნებისკენ გვაქვს მზერა მიპყრობილი და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ჩვენი საერთო მიზნების მიღწევა, არსებობს კიდევ სხვა, გადაუდებელი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია წარმატების მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ახალი იდეები, მეტი გამბედაობა და ალტერნატივები.

ჩვენ ახალი იდეები, მეტი გამბედაობა, ექსპერიმენტირება, ახალი ალტერნატივები გვჭირდება. წავიდა ის დრო, როდესაც ინიციატივების გვეშინოდა. ის, რაც შეიძლება ითქვას მთელ სამყაროზე, შეიძლება ითქვას საქართველოზეც. ​​ჩვენი უმთავრესი გამოწვევა და შესაბამისად, პრიორიტეტი მშვიდობა გახლავთ. მშვიდობა ნებისმიერი საზოგადოების უმაღლეს მიზანს წარმოადგენს, მაგრამ გაერთიანებული ერებისთვის იგი უმთავრეს არსსა და საერთოდ ამ ორგანიზაციის არსებობის საფუძველს წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გლობალური უსაფრთხოება მთელი სამყაროს გამოწვევაა.

ომები, კონფლიქტები და ტერორიზმი აშკარა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს, მასობრივ მიგრაციებსა და ლტოლვილთა ურიცხვ ნაკადებს იწვევს. ჩვენ ვუთანაგრძნობთ ტერორიზმის მსხვერპლთა ოჯახებს, კარგად გვესმის მათი შიში და რისხვა და, შესაბამისად, სრულად ვიღებთ ჩვენ წილ ტვირთსა და პასუხისმგებლობას უხილავ მტერთან საბრძოლველად. საქართველო სერიოზულ მონაწილეობას იღებს ავღანეთში, მალისა თუ ცენტრალურ აფრიკაში განთავსებული სამშვიდობო ძალების ქმედებებში, ეს ქვეყნები შორსაა ჩვენი საზღვრებისაგან, მაგრამ მათი პრობლემები ახლობელია ჩვენთვის მოვალეობის გრძნობიდან და სოლიდარობის პრინციპიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.