საზოგადოება
ვიმედოვნებთ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას - ელიზაბეთ რუდი

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ვიმედოვნებთ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, აშშ მიესალმება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა.

როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით ბოლო პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის გამო, რაც გამოიხატებოდა ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციით, აღნიშნული რაიონის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებით, ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შეჩერების გაგრძელებით.

ამ მხრივ, ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით შედგა და ვიმედოვნებთ, რომ ეს ხელს შეუწყობს ამ დაძაბულობის შემცირებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს 26 სექტემბერს შეხვდა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.

წყარო 1tv.ge