აქტუალური
საქართველომ ანახა საოცარი მედეგობა და აგრძელებს სვლას მიზნისკენ, ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ყოფნისკენ - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველომ ანახა საოცარი მედეგობა და აგრძელებს სვლას ​მიზნისკენ, ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ყოფნისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა სტუმარს „ოქროს საწმისის“ ორდენი გადასცა.

ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ საქართველოში, ბათუმში. ჩემთვის ასევე დიდი პატივია თქვენთვის „ოქროს საწმისის“ ორდენის გადმოცემა იმ მხადაჭერის აღსანიშნავად, რომელიც გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას.

მინდა, მოგესალმოთ საქართველოში ყველას და ჩემთვის პატივია, მოგმართოთ მეორედ ერთი წლის განმავლობაში. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ამის შესაძლებლობა მესამედაც და უფრო მეტჯერ მომეცემა.

თქვენი ვიზიტი საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, დაადასტუროს ჩვენ ეროვნული მისწრაფება ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისა და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ. ჩვენი კულტურა, ისტორია და ღირებულებები განსაზღვრავს საქართველოს მოსახლეობის ძალისხმევასა და მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართ. საქართველოს გაუმართლა, რომ წილად ხვდა თქვენი ქვეყნების მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარებისკენ გზაზე. ქართველებს ესმით და აფასებენ თქვენი უწყვეტი დახმარების შედეგებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩვენი საერთო მიზანია უსაფრთხო მსოფლიოს, უსაფრთხო და სტაბილური რეგიონის უზრუნველყოფა.

70 წლის განმავლობაში ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რომელიც ინარჩუნებდა მშვიდობას „ცივი ომის“ პერიოდში. როდესაც რკინის ფარდა დაეცა და ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს კარი გაეხსნა, ნატო-ს როლი კიდევ უფრო გაძლიერდა. მსოფლიო ცვლილებას განაგრძობს, ყოველ ათწლეულში ალიანსი ახალი გამოწვევების წინაშე დგას, დღეს ეს არის ტერორიზმი, მეკობრეობა, კიბერუსაფრთხობა, ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები.

თუმცა, რადგან არსებობს ერთიანობა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ნატო-ს ყოველი წევრი და ასპირანტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ ჩვენ ყველას გაგვაჩნია არა მხოლოდ უფლებები, არამედ პასუხისმგებლობაც. ალიანსის ცნება – ერთმანეთის გვერდში მტკიცე დგომა ვრცელდება პარტნიორებზე და ჩვენ ვიცით ეს. ჩვენ ვხედავთ თქვენს დახმარებას, ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას და ვიცით, რომ არ ვართ მარტო.

ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველა აუცილებელ ძალისხმევას მივმართავთ, რათა რაც შეიძლება მეტად მივუახლოვდეთ კარს, რომელიც ღიაა ალიანსის ახალი წევრებისთვის. ეს ძალისხმევა მრავალმხრივია, ყველაზე მეტი სამუშაო შევასრულეთ, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ნატო-ში ინტეგრაციისთვის აუცილებელი სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, რათა ვყოფილიყავით ურთიერთთავსებადი, რათა შეგვძლებოდა თქვენს მხარეს ბრძოლა, როგორც ამას ავღანეთში ვაკეთებთ.

ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ განვითარებისთვის და ეს გავაკეთეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ნატო-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოს ვყოფილიყავით, არამედ, ჩვენთვის, რათა გაგვევითარებინა ეს ქვეყანა დემოკრატიულ საფუძველზე. ამას ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ვაკეთებთ და ყოველწლიურად ამ მხრივ პროგრესი თვალსაჩინოა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს დაიღალა შექმნილი სიტუაციით, რომელიც არ იცვლება

ჩვენ განვვითარდით ეკონომიკურად, ავაშენეთ ძლიერი ინსტიტუტები. მე ძალიან ამაყი ვარ, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ ჩვენ გვაღიარა საუკეთესო პარტნიორად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აღიარებაა. საქართველო მიდის ამ მიმართულებით, თუმცა ამის მიუხედავად, ამ გზაზე ძალიან სერიოზული სირთულეები აქვს. ეს სირთულეები თქვენთვის კარგად ცნობილია, ეს გახლავთ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთთან ომი, მანამდე წლების განმავლობაში გაყინული კონფლიქტი და საქართველოს მოსახლეობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს დაიღალა შექმნილი სიტუაციით, რომელიც არ იცვლება, სადაც ნათლად არ ჩანს პერსპექტივა, თუ საით უნდა ვიმოძრაოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.

აღნიშნული სიტუაცია განსაკუთრებულად მძიმეა მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული თვალსაზრისით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, რადგან ინციდენტები და პროვოკაციები ყოველდღიურად შესაძლოა, უფრო მზარდი გახდეს და გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ინციდენტებად, რაც ყველაზე საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე ძვირფასს – სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სიტუაციის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ ეს სიტუაცია შეიქმნა იმისთვის, რათა საქართველო ნატო-სა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე შეეჩერებინათ, საქართველომ, ისევე, როგორც გასულ საუკუნეებში ანახა საოცარი მედეგობა ყველა პროვოკაციისა და საფრთხის მიმართ და ის აგრძელებს სვლას, სვლას თავისი მიზნისკენ, რაც არის ევრო-ატლანტიკური საზოგადოების ნაწილად ყოფნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.