უცხოეთი
ლინდსი გრემი - თურქეთის მიერ ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, ნატო-ში თურქეთის წევრობის შეჩერებას მოვითხოვთ

 საქართველო, 10 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის მიერ ქურთებზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ნატო-ში თურქეთის წევრობის შეჩერებას მოვითხოვთ – ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.

ამერიკელი სენატორის განცხადებით, თუ თურქეთი სირიაში შეიჭრება, ანკარას წინააღმდეგ ორპარტიული სანქციები დაწესდება, რადგან ქურთული ძალები აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ სახალიფოს განადგურებაში დაეხმარნენ.

ლინდსი გრემი ფიქრობს, რომ ქურთი მოკავშირეების მიტოვება და სირიის რუსეთისთვის, ირანისა და თურქეთისთვის გადაცემა რადიკალ ისლამისტებს გააძლიერებს.

„არასდროს არ არის ბრძნული, მიატოვო შენი მოკავშირე, რომელმაც მსხვერპლი გაიღო შენთვის. არასდროს არ არის ბრძნული, გაიმეორო შენი წინამორბედის შეცდომები. თურქეთს არ შეუძლია შეაჩეროს „ისლამური სახელმწიფოს“ კვლავ გამოჩენა. მათი მთავარი სამიზნე ქურთები არიან და არა „ისლამური სახელმწიფო“. ობამას ლიბერტარიანულმა საგარეო პოლიტიკამ ამერიკა უსაფრთხო ვერ გახადა. არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი მის გადაწყვეტილებაზე. ეს არის ზუსტად ის, რაც პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა ერაყში, რამაც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას დამღუპველი შედეგები მოუტანა. პრეზიდენტ ობამასგან განსხვავებით, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი გადახედავს გადაწყვეტილებას და სამხედრო რჩევებს მიიღებს. ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეჭრა რეგიონისთვის და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის კოშმარი იქნება“, – აღნიშნა ლინდსი გრემმა.

1tv.ge