რელიგია
მეუფე ანანია ჯაფარიძე - დიპტიხის მიხედვით, უკრაინის ავტოკეფალია ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ...

 საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის ავტოკეფალიას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ საბერძნეთის ეკლესიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მეუფე ამბობს, ავტოკეფალიის მოპოვება არის პროცესი, რომელიც შეიძლება ათეულობით წლები გაგრძელდეს.

ჩვენ ვართ დიპტიხში და დიპტიხის მიხედვით, ჯერ უნდა ცნოს ალექსანდრიამ, ანტიოქიამ და ა.შ. და ჩვენი რიგიც ალბათ მოვა. არა, არ ვაღიარებთ ეს სხვა რამეა, მხარს ვუჭერთ. უკრაინის ავტოკეფალიას, დამოუკიდებლობას ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს. ერს უფლება აქვს, ნაციას, სახელმწიფოს ჰქონდეს ავტოკეფალია და ექნება კიდეც. ამის დრო დადგება. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება. ეს წელში და ორ წელში არ ხდება. ჩვენ რომ წაგვართვეს რუსებმა ავტოკეფალია, ამის აღდგენას დასჭირდა 100 წელი და კიდევ 50 რუსეთს რომ ეცნო და შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს. შეიძლება ითქვას, რომ მარტო აღდგენას ორი საუკუნე დასჭირდა და მოპოვებას წარმოიდგინეთ?! ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი წელი, არამედ ათეულობით წლები. მთავარია, უკრაინელმა ხალხმა მოისურვოს ეს“,- განაცხადა მეუფემ.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის მინიჭების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.