საზოგადოება
მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას თანამოქალაქეების ერთი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა, ის რასაც ადგილი ჰქონდა, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, არაკონსტიტუციურია.

რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც.

რაც სამწუხაროა არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომელიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.