პოლიტიკა
აშშ ნატო-ს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის შემცირებას გეგმავს, დაზოგილ თანხას კი, უკრაინასა და საქართველოში პროგრამებს მოახმარს - CNN

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნატო-ს კოლექტიურ ბიუჯეტში შენატანის შემცირებას გეგმავს, ხოლო დაზოგილ თანხას უკრაინასა და საქართველოში პროგრამებს მოახმარს. ინფორმაცის ამის შესახებ ტელეკომპანია CNN აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ამერიკულ ტელეკომპანიას პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა, დაზოგილ თანხას აშშ ევროპაში სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თავის ძალისხმევას მოახმარს, მათ შორის პროგრამებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არიან ნატო-ს არაწევრი უკრაინა და საქართველო.

ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბიუჯეტში კონტრიბუციის შემცირებას გეგმავს, CNN-ს ნატო-ში არსებულმა წყარომაც დაუდასტურა.

როგორც ტელეკომპანია იტყობინება, აქამდე აშშ-ის კონტრიბუცია ნატო-ს პირდაპირი დაფინანსების 22%-ს შეადგენდა, რაც ფარავდა შტაბ-ბინის შენახვის ხარჯებს, უსაფრთხოების სფეროში ერთობლივ ინვესტიციებს, ასევე ცალკეული სამხედრო ოპერაციების ხარჯებს. CNN აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მეტწილად სიმბოლური ნაბიჯია, რადგან ნატო-ს პირდაპირი ბიუჯეტი შედარებით მცირეა და დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის განცალკევებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების ეროვნული თავდაცვითი ბიუჯეტებისგან, რომლებიც, ალიანსის რეკომენდაციით, მშპ-ს ორ პროცენტს უნდა შეადგენდნენ.

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ადინისტრაცია ალიანსის ბიუჯეტში თავის წვლილს 16%-მდე შეამცირებს და დაახლოებით გერმანიის შენატანს გაუთანაბრებს, რომელიც 14,8% შეადგენს იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის ეკონომიკა უფრო დიდია.

CNN -ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ნატო-სთან საერთო ბიუჯეტში შენატანის საკითხი უკვე შეათანხმა.