აქტუალური
დიდი ბრიტანეთის სახით საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე პარტნიორი და ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას, არაჩვეულებრივი პლატფორმა, რათა საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი მისწრაფებები, შედეგები, როლი, ჩვენი მიღწევები, რეფორმები და გამოწვევები, ასევე ისაუბროს ალიანსის უსაფრთხოების ფარგლებში მონაწილეობის თაობაზე, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.

ბრექსიტის, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიკური დებატების ფონზე, ლონდონი მასპინძლობს ნატო-ს 70-წლისთავის ლიდერთა საიუბილეო შეხვედრას, რომელიც მიმოიხილავს განვლილ გზას, როგორც სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტორს ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ ამასთან ერთად, განიხილავს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს აქვს ალიანსს. ამ ღონისძიების ფარგლებში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრესტიჟული შეხვედრა, სათაურით – ნატო-ჩართულობა, ნატო-გენერალური მდივნისა და წევრი სახელმწიფოების მეთაურობით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველო, როგორც სპეციალური პარტნიორი, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე. თემა, რომელშიც დავით ზალკალიანი ჩაერთვება, არის ნატო-უსაფრთხოება – ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, რომელიც არის არაჩვეულებრივი პლატფორმა, რათა საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი მისწრაფებები, შედეგები, როლი, ჩვენი მიღწევები, რეფორმები და გამოწვევები, ასევე ისაუბროს ალიანსის უსაფრთხოების ფარგლებში მონაწილეობის თაობაზე“, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიწვეულია სპეციალურ სამუშაო ვახშამზე, რომელსაც უმასპინძლებს ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრების მონაწილეობით.

ზოგადად, დიდი ბრიტანეთის სახით საქართველოს ჰყავს ძალიან მტკიცე პარტნიორი და ძალიან მტკიცე მხარდამჭერი ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ეს პარტნიორობა და მხარდაჭერა გამოიხატება არამხოლოდ პოლიტიკური განცხადებით, არამედ ძალიან სერიოზული, მასშტაბური პრაქტიკული თანამშრომლობის პროექტებით და პროგრამებით, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ზრდას, ჩვენი თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციას. ეს არის ერთობლივი წვრთნები, ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობა. მინდა, ხაზი გავუსვა ბრიტანეთის განსაკუთრებულ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ამას მოწმობს ბრიტანეთის სამხედრო გემების გახშირებული ვიზიტები საქართველოს პორტებში“, – აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.