რელიგია
ილია მეორე: ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. ეს არის ბედნიერი დღე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში“, - განაცხადა ილია მეორემ.

ეს არის ტაძარი კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანის სულისთვის. ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა შორის. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. თვითონ ადამიანზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს კეთილ გზას თუ ბოროტს. ძალიან ხშირად ისმის, მე მინდა, ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო და იქ რა იქნება, მე არ მეკითხებაო. არ არის ეს სწორი. ჩვენი აქ ყოფნა წულისოფელია. ეს წუთისოფელი არარა არის სასუფეველთან. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, კავშირი დედამიწასთან“, - განაცხადა ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.