აქტუალური
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირთან ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. სლოვაკეთში, ქალაქ ბრატისლავაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროკავშირთან სამი ასოცირებული ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ევროპული ინტეგრაციის შესახებ.

ეს პირველი ერთობლივი პოლიტიკური განცხადებაა ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე, რომელსაც სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ ხელს.

აღნიშნული განცხადება მინისტრებმა ევროკავშირის ახალ უმაღლეს წარმომადგენელს – ჟოზეფ ბორელს გადასცეს. განცხადება ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავსა და მის მომავალს ეძღვნება და ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციურ დღის წესრიგს ასახავს. მასში ხაზგასმულია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წევრ ქვეყნებში პოზიტიური ცვლილებების საშუალებაა, რომელიც პარტნიორებს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს თითოეული მათგანის მისწრაფებების და ინტერესების შესაბამისად.

აღსანიშნავია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ინიციატივა, დაფუძნდეს „ევროკავშირი + სამი ასოცირებული ქვეყნის“ დიალოგის ფორმატი ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა დარგობრივი ინტეგრაციის მიმართულებებით.

გარდა ამისა, სამი ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რომ ასოცირებულ ტრიოს (საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი თავისუფლებით (საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილება).

ასოცირებული ქვეყნების განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ჩამოყალიბებიდან 10 წლის თავზე, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ფორმატის შემდგომი, გრძელვადიანი სტრატეგია და ის პოლიტიკური მიზნები, რომელიც გზას გაუხსნის პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ სამივე ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებს, ასოცირების შეთანხმებების შესრულების შემდეგ, მოსახლეობის ნების გათვალისწინებით, განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე.

განცხადება ხაზგასმით აღნიშნავს სუვერენული ქვეყნების უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. მასში ვკითხულობთ, რომ ევროინტეგრაცია ასოცირებული ქვეყნების მოქალაქეების არჩევანია და თავისუფალი უნდა დარჩეს მესამე ქვეყნის ზეწოლისგან.

სამივე ქვეყანა გმობს მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში და ხელი შეუწყოს მათი ტერიტორიებიდან არალეგალურად განლაგებული ჯარების გაყვანას.