სამართალი
აფეთქება მოხდა ბენზინგასამართ სადგურზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან რამდენიმე მეტრში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია თავმოყრილი

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად დაშავებული ხუთი პირიდან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მათ კლინიკაში 3 პაციენტი იმყოფება.

ჩვენთან სამი მამაკაცია შემოსული, ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, ერთი კი, დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაში“,- აცხადებს ქაშიბაძე.

კიდევ ერთი დაშავებული ქალი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. როგორც კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს თავის ზედაპირული ტრავმა აქვს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ჩვენს კლინიკაში 60 წლამდე ასაკის ქალია შემოყვანილი, რომელსაც თავის ზედაპირული ტრავმა, მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა აქვს. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ჯერ კიდევ ინტენსიური დაკვირვება მიმდინარეობს“, - აცხადებს ლევან ბესელია.

რაც შეეხება აფეთქებისას დაშავებულ არასრულწლოვანს, ის ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის კლინიკაში განუცხადეს, არასრულწლოვანს სახის არეში და ხელზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. "ესკორაციები დამუშავდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მალე ბინაზე გაეწერება", - განაცხადეს კლინიკაში.

ცნობისთვის, გუშინ ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც, 5 ადამიანი დაშავდა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე აღკვეთეს.