საზოგადოება
მმართველი პარტიის შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელი მიუღებელი და არასერიოზულია - არასამთავრობო ორგანიზაციები

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. თხუთმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის მოდელს მიუღებელსა და არასერიოზულს უწოდებს.

როგორც ერთობლივი განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, დღევანდელი შეთავაზებით „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც გააუქმოს.

ეს ინიციატივა არა კომპრომისის მიღწევას და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ სრულად პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით უკვე არსებული იმ რეგულაციის გაუარესებას იწვევს, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანაში დიდი ხანია პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გაცხადებული ინიციატივა სრულად მიუღებელი და არასერიოზულია.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ინიციატივა კონსტიტუციის დღეს არსებულ რედაქციასთან შეუსაბამოა და საჭიროებს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას. აქამდე, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე. წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული საარჩევნო სისტემა სწორედ იმის გამო დაიწუნა, რომ თითქოს ის კონსტიტუციას არ შეესაბამებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი იყო. თუ „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების რესურსი აქვს, მართებული იქნებოდა, რომ ეს რესურსი გამოყენებულიყო პროპორციულ არჩევნებზე გადასასვლელად ან იმ ცვლილებისთვის, რაც „ქართული ოცნების“ აზრით ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული მოდელს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოიყვანდა.

სინამდვილეში, მმართველი პარტიის 20 დეკემბრის ინიციატივა ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთ საზრუნავს წარმოადგენს ისეთი საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც მხოლოდ მის ვიწრო პარტიულ ინტერესებს მოერგება და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ პარტიის ყოფნას ხელისუფლებაში რაც შეიძლება დიდი ხნით. ამ ფონზე, კიდევ უფრო აშკარაა, რომ პროპორციული სისტემის დაპირების შეუსრულებლობა მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და არა მხოლოდ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. ამბოხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერთა განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში განხილული საარჩევნო სისტემის მოდელი იყოს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არსებითად აუმჯობესებდეს საარჩევნო გარემო.

ქვეყანაში შექმნილი კრიზისულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს და მის თავმჯდომარეს – ბიძინა ივანიშვილს. 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩაგდებამ არამარტო ქვეყნის შიგნით შექმნა არასტაბილური პოლიტიკური გარემო, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის იმიჯი მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო პარტნიორების თვალში.

მიუხედავად ამისა „ქართული ოცნება“ მის მიერ შექმნილი ვითარების გამოსასწორებლად და კრიზისული სიტუაციის განსამუხტად პოლიტიკურ ნებას არ ავლენს. აქამდე, საარჩევნო სისტემაზე ოპოზიციურ პარტიებთან გამართული ყველა შეხვედრა წარუმატებლად დასრულდა და მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო სისტემის არც ერთ ვერსიას.

მაშინ, როცა არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას, დღეს გაჟღერებული შემოთავაზება და პარლამენტის თავმჯდომარის რიტორიკა პროპორციულ საარჩევნო მოდელებში ევროპასა და ისრაელში კრიზისების რისკებზე, წარმოადგენს საზოგადოების დაცინვას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესის უგულებელყოფას.

სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იაზრებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას ქვეყნის მოსახლეობისა და მისი მომავლის წინაშე და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება მოტივირებულია მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით. მნიშვნელოვანია, რომ მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დიალოგის პროცესში განხილული საარჩევნო სისტემის მოდელი იყოს არა მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური პარტიის, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესების გამომხატველი და არსებითად აუმჯობესებდეს საარჩევნო გარემოს.

მოვუწოდებთ, მმართველ გუნდს კარგად გაიაზროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და საზოგადოების მოთხოვნისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილების შესაბამისად, შეასრულოს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაპირება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (EPRC), საზოგადოება და ბანკები, საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ცენტრი „ემპათია“, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და ლიბერალური აკადემია – თბილისი.