საზოგადოება
სულ ვიყავით რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა შენიშვნები, გამორჩეული არაფერია, მაგრამ საჭიროა ბალანსი - სალომე ზურაბიშვილი

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და სულ ვიყავით რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა შენიშვნები, გამორჩეული არაფერია, მაგრამ საჭიროა ბალანსი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, რამდენად ეთანხმება პრეზიდენტი შეფასებას, რომ უცხოელი პარტნიორების კრიტიკა გარკვეულ შემთხვევებში იქ ჩასული არასწორი ინფორმაციის შედეგია, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: ვერ შევაფასებ, რამდენად სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებითაა თუ არასწორია. ეს თვითონ უნდა შეაფასონ, საიდან ღებულობენ ინფორმაციებს. მე მხოლოდ ერთადერთ რამეს ვეუბნები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ეს არის ის, რომ თუ საზოგადოებაში შეიქმნა განცდა, რომ არადაბალანსებული არის კრიტიკა, თუ გაჩნდა ასეთი შეგრძნება და დამოკიდებულება, ეს აისახება ნეგატიურად სწორედ ჩვენს ორიენტაციაზე და ეს არ უნდა დავუშვათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ამ შემთხევაში. კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ჩვენ სულ ვიყავით ამ რეჟიმში, რომ უცხოეთიდან გვქონდა ეს შენიშვნები, კრიტიკა და ა.შ. ასე რომ, ეს არაფერი გამორჩეული არ არის და არც უნდა მივიჩნიოთ, რომ ეს არის გამორჩეული, მაგრამ ბალანსი არის საჭირო და აუცილებელი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. მისი თქმით, არ უნდა შემოვიფარგლოთ იმით, რომ პერსპექტივა არის ჩვენი ინტეგრაცია, რადგანაც მერე შეიძლება, ამის მიმართ გაჩნდეს რაღაც სკეპტიციზმი, უნდობლობა.

ჩვენ ყოველდღიურად უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ევროკავშირთან, ნაბიჯები გადავდგათ. სხვათა შორის, ამ ნაბიჯებს ვდგამთ. ეს არის ყველაზე საინტერესო. მე ყველა შესაძლებლობა, რაც მაქვს, თუნდაც თქვენი გაწევრიანება ევროპის მაუწყებელთა კავშირში არის ერთ-ერთი ნაბიჯი. ჩვენ როცა ვხვდებით ფიბა-მასპინძელი ქვეყანა, ეს არის ძლიერი ნაბიჯი ევროკავშირის მიმართულებით და ევროპაში შესვლის. ჩვენ როცა პარიზის წიგნის ბაზრობაზე ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი, ფრანკფურტში რომ ვიყავით, ეს ყველაფერი არის ჩვენი შესვლა რეალურად ევროპაში და ევროკავშირთან მიახლოება. ეს არის ის ჩვენი გზა, რომელიც არის უცვლელი, უალტერნატივო და ამას ყველგან, სადაც მაქვს ამისი საშუალება ხაზს ვუსვამ.

იმიტომ, რომ რეალურად, საქართველოში მოსახლეობას ამაში დარწმუნება არ სჭირდება. ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია. ჩვენი პერსპექტივა არის ევროპა, ევროკავშირი და ევროატლანტიკური სივრცე. ჩვენ ამავე დროს მიზანი უნდა იყოს, რომ ყველა ჩვენ მეზობლებთან გვქოდნეს ნორმალური ურთიერთობები და ნორმალიზაცია არის ჩვენი მიზანი, მაგრამ ალტერნატივა ამ ინტეგრაციისა სხვა არ არის, მე ვარ კონსტიტუციის გარანტი, კონსტიტუციაში წერია ეს ორიენტაცია და ეს არის ის, რაც ჩემთვის არის ყველაზე ღირებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.