საზოგადოება
560 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, ეს საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

 საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული, ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გქონდეს გარკვეული რაოდენობის მედიკამენტი. ჯობია, რომ დაგრჩეს, ვიდრე დაგაკლდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აუდიტის სამსახურის ანგარიშის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

გამყრელიძის განმარტებით, ჩამოიწერა არა ნახევარი მილიარდი ლარის ღირებულების მედიკამენტი, არამედ 2000 ადამიანის სამყოფი მედიკამენტი.