საზოგადოება
2019-ში ექსპორტზე 94 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წელზე 9%-ით მეტია - ღვინის ეროვნული სააგენტო

 საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია.

უწყებაში ამბობენ, რომ ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7089259 ბოთლი), აშშ - 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168307 ბოთლი).

გარდა ამისა, ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში:

ლიეტუვა - 45% (708 408 ბოთლი)

გერმანია - 40% (671 453 ბოთლი)

ბელარუსი - 74% (2787065 ბოთლი)

ისრაელი - 80% (324 700 ბოთლი)

ესტონეთი - 20% (693 248 ბოთლი)

რუსეთი - 9% (58384540 ბოთლი)

მოლდოვა - 8738% (625 724 ბოთლი)

ნიდერლანდები - 17% (96 464 ბოთლი)

ჩეხეთი - 34% (83 136 ბოთლი)

შვედეთი - 636% (92 214 ბოთლი)

ბულგარეთი - 30% (34 734 ბოთლი)

მონღოლეთი - 40% (297576 ბოთლი).

ჯამში, 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31.6 მლნ ბოთლი (0.5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%).

გარდა ამისა, მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0.5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1.7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).