საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი - საქართველომ გადაიტანა თავისი წილი დაძაბულობა, ომი, ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, არამედ ის, თუ რამდენს მიაღწია

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი, გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში საქართველო წარმოადგენდა ევროპის აღმოსავლეთ საზღვარს, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს, აზიასა და ევროპას აკავშირებდა.

მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში საქართველო იზიარებდა და იცავდა თავისუფლებისა და შემწყნარებლობის იმავე ღირებულებებს, რომელიც ევროპის საბჭოს მიზნებს წარმოადგენს.

პრეზიდენტმა საქართველოს მიერ გადატანილ სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველივე ამის გათვალისწინებით, გასაკვირია, რამდენს მიაღწია ქვეყანამ ამ პირობებში.

დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა; დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში; გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში. გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა; გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული; გასაოცარია მისი შესაძლებლობა, ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა; გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი. გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა 21-ე საუკუნის გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გამოწვევების დასაძლევად ყველა უნდა გაერთიანდეს.

21-ე საუკუნემ წარმოაჩინა ახალი გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება. ესენია: კლიმატის ცვლილება, ხანდაზმული მოსახლეობა, მიგრაცია, ციფრული რევოლუცია და პოპულიზმი-პოლარიზაცია. გამოწვევების დასაძლევად ჩვენ, ყველა, მრავალმხრივ ფორმატში უნდა გავერთიანდეთ. მთელი ძალისხმევით უნდა განვსაზღვროთ, რა არის გასაკეთებელი. უნდა დავდოთ პირობა, რომ მხოლოდ დიალოგით გადავწყვეტთ მათი გადაჭრის გზებს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ქმედება დაეფუძნოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა და განაცხადა, რომ თითოეულის მიზანდასახულობა გააძლიერებს ევროპის საბჭოს, ეფექტიანს გახდის მის ინსტიტუტებსა და წარმატებას მოუტანს მის წევრებს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გუშინ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.