საზოგადოება
2020 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ - არჩილ თალაკვაძე

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 2020 წლის არჩევნებისთვის საზოგადოებას განახლებულ გუნდს და საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე განმარტებით, იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც ახალი კადრების მოზიდვის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ ერთი წლის წინ დაიწყო, პარტიას წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები შეუერთდნენ.

ყველა წევრი, ვინც თავისი წვლილი შეიტანა წარმატებებში, ქვეყნის განვითარებაში და რეფორმებში, გუნდში მომავალშიც თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს. არავისთვის თვითმიზანი არ არის პარლამენტის წევრობა ან სახელმწიფო თანამდებობა - ეს არის მხოლოდ საშუალება საქმის კეთებისთვის. 1 წლის წინ ჩვენმა პარტიამ დაიწყო მუშაობა ახალი კადრების მოზიდვის მიზნით და 2020 წლის არჩევნებისთვის. ჩვენ შემოგვიერთდებიან ახალი, წარმატებული გამოცდილების მქონე ადამიანები. განახლება ყოველთვის საჭიროა. ასე მოხდა 2016 წლის არჩევნებში და ასე მოხდება ახლაც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რა გადაწყვეტილებასაც ამომრჩეველი არჩევნებში მიიღებს, მათთვის უპირობოდ მისაღები იქნება.