საზოგადოება
საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი - ოდირმა საქართველოს შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. მართველი გუნდის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიიღო პასუხი ოდირისგან, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის მათი პრეროგატივა.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, რეალურად, დამატებით ორი შეტყობინება იკვეთება ოდირის დასკვნიდან.

კერძოდ, კობახიძის თქმით, ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ოდირის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები.

გარდა ამისა, კობახიძის შეფასებით, არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს.

აქედან გამომდინარე, კობახიძე ამბობს, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ დღეს მოქმედი შერეული სისტემა.

როგორც მოგეხსენებათ, სახალხო დამცველმა ოპოზიციის თხოვნით გააგზავნა ოდირში თხოვნა ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ეს არ არის კლასიკური გერმანული მოდელი. ეს არის ერთგვარი დამახინჯებული გერმანული მოდელი ავღანური ელემენტებით, რომელიც გაიგზავნა ოდირში. ამასთან დაკავშირებით, ოპოზიციამ მიიღო პასუხი, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, ეს არის მთავარი დასკვნა, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა ორი მიმართულებით. ერთი, რომ ისინი ამტკიცებდნენ რეალურად არაკონსტიტუციური გერმანული მოდელის თითქოს შესაბამისობას კონსტიტუციასთან და მეორე – მათ ისიც კი არ იციან, თუ ვის უნდა გადაამოწმებინონ კანონპროექტის კონსტიტუციურობა. კიდევ ერთხელ დადგინდა ჩვენი ოპოზიციის ორმაგი არაკომპეტენტურობა. ამით ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, როდესაც ეს პროექტი გააგზავნინა ოდირში. გაიგზავნა ისეთი დოკუმენტი, ისეთი თხოვნით, რომელიც არ უნდა გაგზავნილიყო ამ თხოვნით და ამაზე, როგორც პატარა ბავშვებს, ისე მიანიშნა რეალურად ოდირმა ჩვენს ოპოზიციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი ტყუილი მოისმინეს.

ჩვენ გუშინ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი ოპოზიციის მხრიდან იმ დასკვნის თაობაზე, რომელმაც ისინი რეალურად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ეს იყო არაერთი ტყუილი, რომელიც ძალიან მარტივად ავლენს საკუთარ თავს. ადრე მათ ტყუილი მაინც ეხერხებოდათ, ბოლო დროს ტყუილებშიც არიან უნიათოები, რაც ძალიან კრგად ჩანს ამ გასული პერიოდის განმავლობაში.

რეალურად, დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ასევე ოდირის დასკვნიდან – საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან. ასევე, არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არა მხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ზე სისტემა, არამედ თუნდაც ის სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლის არჩევნებისსთვის, ეს არის 77/73-ზე. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავზებას 100/50-თთან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნის თანახმად, არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.