სამართალი
ოპოზიცია შოთაძის წინააღმდეგ გამოდის

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე კანდიდატის გამოსვლის წინ დარბაზში „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოჩნდნენ. დეპუტატებს სახეზე აფარებული ჰქონდათ ნიღბები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, ხელში კი ეკავათ ფურცლები პოლიტპატიმრების სახელებით.

შეხედეთ ყურადღებით. თქვენ ამ ადამიანის მონა ხართ. გესმით?! თქვენ მისი მონა ხართ!" – მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებაზე მიუთითა.

შოთაძის მისამართით გამოთქმული რიგი ბრალდებებისა და დეპუტატებისთვის პოლიტპატიმრების ფოტოების დარიგების შემდეგ ბოკუჩავამ და ხოშტარიამ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ირაკლი შოთაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ოპოზიციის გამონათქვამებმა მას შეურაცხყოფა არ მიაყენა, რამდენადაც მსგავსი გამოხდომები პირველ რიგში მის ავტორებს შეურაცხყოფს.

შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ 10 თებერვალს კენჭისყრით მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.

მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.