აქტუალური
კორონავირუსის გამო ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა და ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ კარანტინი გამოაცხადა. მათ ე.წ. საზღვრები ჩაკეტეს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არამხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში შესვლა, არამედ მისი დატოვებაც აუკრძალეს. ინფორმაციას დე ფაქტო ხელისუფლების გამოცემა ავრცელებს.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ვალერი ბრანბას განცხადებით, ეს აუცილებელი ზომაა ადგილობრივების დასაცავად. მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მივლინებებისგან. მისივე თქმით, გააძლიერეს დაცვა ენგურის ხიდზე.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი მომატებულია. პრევენციისთვის, ამ ეტაპზე შეზღუდულია პირდაპირი ფრენები ჩინეთთან და ირანთან, მაგრამ საზღვრების ჩაკეტვას ცენტრალური ხელისუფლება ჯერ არ გეგმავდა.

ახალი კორონავირუსით 80 ათასზე მეტი ადამიანი დაავადდა, შემთხვების უმრავლესობა ჩინეთში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსის გამო 3 ათას ადამიანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილებისა და დაავადებულების ყველაზე დიდი რაოდენობა კონტინენტურ ჩინეთში ფიქსირდება. შემდეგ მოდიან ჰონგ-კონგი, მაკაო, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია, ირანი და სინგაპური. ბოლო ორ დღეში კორონავირუსის გავრცელება დაფიქსირდა ავსტრიაში, ხორვატიასა და საბერძნეთში.