საზოგადოება
„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. „საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ხილი 25%-ით, რძის ნაწარმი 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური თებერვლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წლიური ინფლაციის დონემ 6.4 % შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.7 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (25.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (19.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.1 პროცენტი), თევზეული (10.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი).

ამასთან, სასტუმროები, კაფეების და რესტორნების ჯგუფში მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე (9.5 პროცენტი), ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.3 პროცენტი).