სამართალი
სადაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას, ყველა საჭირო დახმარებას გავწევთ - ნათია თურნავა

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. სადაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციების პერიოდში, ყველა საჭირო დახმარებას გავწევთ, იქნება სუბსიდია, თუ სხვა სახის დახმარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, სახელმწიფო, მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო ზომებზე მიდის, განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ.

დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურიზმი და ჩვენ დავეხმარეთ 1 მილიარდ ლარიანი პაკეტით. ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაციაც და ზოგადად, გლობალური ავიაცია, ეს არ გვეხება მარტო ჩვენ, ქართულ კომპანიებს. ჩვენ აბსოლუტურად შეთანხმებული ვართ ამ საკითხში და ერთიანები ვართ, რომ იქ, სადაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას, ამ გართულებული კომუნიკაციების პერიოდში, ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია, თუ რამე სხვა სახის დახმარება, ამისთვის გავწევთ. ეს არის სუბსიდია, ფინანსური დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრმა აღნიშნული დახმარების მექანიზმი განმარტა.

აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, საუბარია კომერციულ რეისებზე, რათა ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოაკლდნენ ამ კომპანიების პოტენციურ მგზავრებს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა იყოს კომერციულად მდგრადი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, სახელმწიფო გარკვეულ თანამონაწილეობას გაიღებს, მაგრამ ბილეთი იქნება ფასიანი.

ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე შევთანხმდით, რომ ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს იწვევდა გარკვეულ კრიტიკას, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, ასეთი თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი, – განაცხადა ნათია თურნავამ.