სამართალი
ვეწინააღმდეგებით ტესტების კომერციალიზაციას, არავის აქვს უფლება, ამ სიტუაციაში მოგება ნახოს - ეკატერინე ტიკარაძე

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ვეწინააღმდეგებით ტესტების კომერციალიზაციას, არავის აქვს უფლება, ამ სიტუაციაში მოგება ნახოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, კორონავირუსის ტესტების ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფო მკაცრია.

ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ, რომ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ვართ ძალიან მკაცრი იმ კუთხით, რომ ვაკონტროლებთ ტესტის ხარისხს. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად ინტენსიურად მუშაობს, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ასევე რეგულირების სააგენტო.

დღეის მდგომარეობით, რვა კომპანიას ჰქონდა ტესტების შემოტანაზე დოკუმენტაცია რეგულირების სააგენტოში და სააგენტომ, დაავადებათა ცენტრთან კომუნიკაციის საფუძველზე, ოთხ ასეთ კომპანიას მისცა უფლება, რომ შემოეტანა საქართველოში სწრაფი ტესტებიც და ასევე, პისიარ ტესტებიც. ის საკითხი, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით კომერციალიზაციას, არის იმის საპასუხოდ, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არც ერთ უწყებას ისევე, როგორც კერძო სექტორს, არ აქვს უფლება, ნახოს მოგება ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ასეთი გამოწვევა. ჩვენ ვეწინააღმდეგებით იმ კომერციული ფასების დადგენას, რომელებიც უკვე იყო დაფიქსირებული საქართველოში.

სწორედ ქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება თანხის ფიქსირება და უმეტეს შემთხვევაში, ეს თანხები იქნება გადახდილი სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც იქნება ასევე ექიმის დამადასტურებელი ჩვენება ტესტირების ჩასატარებლად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან უკვე შერჩეული არის შვიდი კერძო ლაბორატორია, რომლებსაც აქვს მინიჭებული უფლება, ჩაატაროს ტესტირება და მათ ეს ტესტები მიღებული აქვთ ლუგარის ლაბორატორიისგან საჩუქრად.

ამასთან, ტიკარაძის თქმით, საკარანტინე რეგიონებში 40 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოკვლეული ეპიდემიოლოგების მხრიდან და ასამდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.

ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში არსებული სტატისტიკა პანიკის საფუძველს არ იძლევა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა არსებული სტატისტიკა პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მობილიზაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.