საზოგადოება
გიორგი გახარია - არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა შესრულდეს

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე ყველანაირი დასაბუთების გარეშე საუბრები და პოლიტიკური ცეკვები ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა - „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში, მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოიყენოს.

ყველას უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი ეკონომიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. უაღრესად დიდი პასუხისმგებლობაა დღეს გუნდსა და ხელისუფლებაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მწირი შესაძლებლობები გამოყენებულ იქნას მაქსიმალურად რაციონალურად და სამართლიანად. ჩვენი ამოცანაა, რომ ის რესურსი, რომელსაც ქართული ეკონომიკა აგენერირებს მსგავს კრიზისულ მდგომარეობებში ჩვენი მოქალაქეების, ეკონომიკისა და ბიზნესის დასახმარებლად, მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ზუსტ პროგნოზს ვერავინ გვეუბნება რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი ერთი კვირა, ერთი თვე, 3 თვე თუ 6. ყველა პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას ვალდებულია, რომ გეგმები დასახოს მაქსიმალურად კრიზისის სავარაუდო დროზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და შეიძლება, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ დღეს ეს დახმარება არ არის ან ეს დახმარება მწირია, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ეს არის მთავრობის და ხელისუფლების ძირითადი პასუხისმგებლობა ყველაზე მძიმე და ცუდი სცენარებისთვის, რასაც ვაკეთებთ“,- განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, დაეხმარება თუ არა მთავრობა უშემოსავლოდ დარჩენილ ადამიანებს პრემიერმა ასე უპასუხა: „ჩვენ ვმუშაობთ და ასეთი დახმარება იქნება მაშინვე, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას და შესაბამისი მონაცემები გვექნება, როგორც კი ზუსტად დავადგენთ ბიუჯეტს, წყაროებს, დაზარალებული ადამიანების სიებს, ვნახავთ საშემოსავლო გადასახადებში რა შემცირებები და კონკრეტულად ვინ მიიღო პირდაპირი ზარალი, ვინ დაკარგა შემოსავალი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.