რელიგია
ილია მეორე: განსაცდელს, რომელიც ახლა არის, თუ მადლობით მივიღებთ, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა.

პატრიარქმა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას განსაცდელი უწოდა და მრევლს გაძლიერებისკენ მოუწოდა.

"ბზობა, ის დიდებული დღესასწაულია და მე ვიტყოდი, ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, რომელიც ახლა არის, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი. მაგრამ ისაც, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული. ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულს და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას. გილოცავთ განწმენდას. ეს არის ჩვენი განწმენდა. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, ქართველმა ხალხმაო, ვაჟკაცურად მიიღოო ეს განსაცდელიო. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით - ქართველი ადამიანი ძლიერია სულით. გაგაძლიეროთ უფალმა. უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ. ჩვენთან არს ღმერთი", - თქვა პატრიარქმა.

საქინფორმი