საზოგადოება
რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ, რომ 30 წელია რუსეთი ჩვენი მბრძანებელი აღარ არის - ამირან გამყრელიძე

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ პასუხობს თავის რუს კოლეგებს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და ახსენებს, რომ ისინი მისი უფროსები არ არიან. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ დიდი ხანია, უკვე 30 წელია, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და შეეგუონ. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე-კუნჭულში შევლენ და ა.შ?! ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში... ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში", - თქვა გამყრელიძემ.

პაატა იმნაძე, რომელიც დაავადებათა კონტროლის გენერალური დირექტორის მოადგილეა აზუსტებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში დელეგაცია ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ გაეროს კონვენციის ეგიდით იყო ჩამოსული და ის აერთიანებდა 17 ქვეყნის 20 ექსპერტსა და ხუთ დიპლომატს. მათ ჰქონდათ შესვლის უფლება, რომლის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნებულია.

ყველა ოთახში იყვნენ. ის კი არა, რუკით, რომ დადიოდნენ, ერთი ქალბატონი იყო დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც მითხრა, რომ კონკრეტული ოთახი გამორჩა, რომ ვუთხარი, არა, მხარი გეცვალა-მეთქი, არ დამეთანხმე და ისევ ვნახეთ ის ოთახი.

აქედან ოთხი ექსპერტი, რომელსაც ჰქონდა მესამე ქვეყანაში ლაბორატორიაში დაშვების უფლება, შევიდნენ ლუგარის ლაბორატორიის არათუ ყველა ოთახში, არამედ ყველა მაცივარი გამოაღეს. მართლა ყველა დოკუმენტაცია, რაც კი იყო, ნახეს, კომპიუტერებიც ნახეს. [რუსებმა] უარი თქვეს იმ მისიაში მონაწილეობის მიღებაზე. ალბათ, როდესაც იქნება ასეთი საერთაშორისო მისია, შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა ასეთი საერთაშორისო მისიის ფარგლებში. ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის ფარგლებში, წესებით, რომელიც იქ არის მიღებული, შეუძლიათ, რა თქმა უნდა, მიიღონ მონაწილეობა“, - ამბობს პაატა იმნაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 მაისს გავრცელა ცნობა, რომელშიც საგარეო უწყება კვლავ გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში მდებარე ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრში მიმდინარე "სამხედრო-ბიოლოგიური" საქმიანობის თაობაზე და მოითხოვს საქართველოსგან "ურთიერთმისაღები პირობებით" ლუგარის ცენტრში რუსეთის პროფილური ექსპერტების დაშვებას.