სამართალი
გიგა ბოკერია - 20 ივნისს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომელსაც აქტივისტები გამართავენ და ჩვენც აუცილებლად შევუერთდებით

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ერთადერთი, რაშიც ვეთანხები პრემიერს, პოლიტიკურად პასუხს აგებენ არჩევნებზე, ეს არის სრული სიმართლე, დანარჩენი არის უტიფარი ბოდვა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ხელისუფლების პასუხისმგებლობა იყო, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმით აღება არ დაეშვა და პოლიტიკური შეფასება ოქტომბერში იქნება“.

ბოკერიას თქმით, აქციის მონაწილეთა მხოლოდ მცირე ნაწილის ქმედებები იყო ისეთი, რომელსაც არ ამართლებს.

ბოკერია მიიჩნევს, რომ 20 ივნისს სპეცრაზმის გამოყვანის საჭიროება არ არსებობდა.

რაზე იყვნენ ვალდებულები, რომ გავრილოვი ჩამოეყვანათ საქართველოში და პარლამენტის სკამზე დაესვათ? ვალდებული იყვნენ, არ შემოეშვათ საქართველოში, მაგრამ რატომ იყვნენ ვალდებული, სპეცრაზმი გამოეყვანათ შენობის გარეთ და გაეზარდათ ინციდენტების რისკები გაბრაზებულ მომიტინგეებთან, რა შტურმზეა ლაპარაკი, ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რა მოხდა? იყო პატარა ნაწილი გაბრაზებული მომიტინგეების, რომელთა ქმედებებს ჩვენ არ ვამართლებთ, მაგრამ 99 პროცენტი აქციის იყო მთლიანად მშვიდობიანი. სპეცრაზმი რატომ გამოიყვანეს ღობის გარეთ? იმ ღობიდან ვერავინ შევიდოდა იქ და რომც შესულიყო, იქ დაეკავებინათ, ეს არის ისევ უტიფარი ბოდვა. როცა ახალგაზრდებმა თვალი დაკარგეს, კობახიძე გადადგა და მაშინ ვითომ მოინანიეს, როცა ხალხის გაბრაზება დაინახეს, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, რომ ამდენი ხნის შემდეგ, როცა ჰგონით, რომ ეს ბრაზი გაქრა, და მაგრად სცდებიან, ახლა ამ უტიფარ პროპაგანდას აგრძელებენ“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ 20 ივნისს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომლესაც აქტივისტები მართავენ.

„ჩვენც აუცილებლად შევუერთდებით“,- დასძინა ბოკერიამ.

ამასთან, პრემიერის განცხადებაზე, რომ 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად პროფესიონალური და ეფექტური, ბოკერია აღნიშნავს, რომ შემდეგი პარლამენტი ნამდვილად იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლანდელი, რადგან ივანიშვილის გუნდი დამარცხდება.

ის იქნება უმცირესობაში და დემოკრატიულ კოალიციაში ის ძალები, რომლებსაც აქვთ მყარი შეხედულებები სამოქალაქო თავისუფლებაზე, პატარა მთავრობაზე, გადასახადების შემცირებაზე, ხალხისთვის მეტი დოვლათის დატოვებაზე, როგორიც არის „ევროპული საქართველო“ და ჩვენი სხვა მოკავშირეები, ისინი იქნებიან უმრავლესობაში“,- განაცხადა ბოკერიამ.

მთავრობის მეთაურის კიდევ ერთ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „გარკვეულ ნაწილში კრიტიკა იყო სუბიექტური, ზოგჯერ საფუძვლიანიც, თუმცა არსებობს მუდმივი კომუნიკაცია, რასაც პარტნიორები შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობენ“, ბოკერია აღნიშნავს, რომ რეალობის დამალვა ძნელია.

ყველა ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი ხაზია, რომ გვყავს მტრები, რომლებიც ატყუებენ მსოფლიოს და მსოფლიო არის შეთქმული ჩვენს წინააღმდეგ, სამწუხარია, რომ ამ ხაზს აწვებიან, ვერავინ ვერ მოატყუებს თავისუფალ სამყაროს, რაც რეალობაში ხდება. ეს არის, რაც იწვევს ქართული საზოგადოების, ჩვენი მეგრობრების შეშფოთებას.

ის მითებიც, რომელიც „ევროპულ საქართველოზე“იყო, რომ ჩვენ დავაორგანიზეთ, კი ჩვენ ძალიან აქტიურები ვიყავით და ლიდერები ვიყავით ამ პროცესში, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნას, რომ ჩვენ შეგვიძლია რეალობა შვცვალოთ. ეს რეაქცია გამოწვეულია რეალობით და არა იმით, ვინ არის ეფექტურად კომუნიკაციაში ჩართული თავისუფალ სამყაროსთან, საქართველოს მეგობრებთან. აღსანიშნავია, რომ ეგ აბსურდული ხაზიც არის აღიარებასავით, აბა საელჩოები რისთვის ჰყავთ? სიმართლე იმაშია, რომ რეალობა უნდა შეიცვალოს“,- განაცხადა ბოკერიამ.