უცხოეთი
სერგეი გავრილოვი - ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას, რომ რევანშისტების გეგმები ჩაშალოს - არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ეს სწორი იქნებოდა

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ რევანშისტების გეგმები საბოლოოდ ჩაშალოს, - ამის შესახებ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

მისივე თქმით, აქცია რუსოფობიური ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ.

„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას იმისთვის, რომ საბოლოოდ გაანადგუროს რევანშისტი-გადამტრიალებლების გეგმები, რომლებსაც საქართველოში დემოკრატიის განადგურება სურდათ. ჩვენ არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვთვლით, რომ ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობის დანგრევის მცდელობაში დამნაშავე ბინძურმა პროვოკატორებმა პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.

ჩვენ დაჟინებით არ მოვითხოვთ ბოდიშის მოხდა, თუმცა მივიჩნევთ, რომ მომხდარის გამო ბოდიში დეპუტატებთან მიმართებაში, მათ შორის ევროპელ პარლამენტარებთან, რომლებიც მართლმადიდებლები არიან, ძმებთან მიმართებაში, რომლებსაც მხოლოდ სიკეთე სურთ საქართველოსთვის, ბოდიში რუსეთის წინაშე რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის, მნიშვნელოვანი პირობაა ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების სრულად აღდგენისთვის", - აცხადებს გავრილოვი.

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ჩაერთო სპეცრაზმი, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა აქციის ათეულობით მონაწილე, მათ შორის მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 21 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.

interpressnews.ge