პოლიტიკა
მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები - გიორგი გახარია

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამ საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული, ფაქტობრივად, უკვე იწყება საარჩევნო, პოლიტიკური პროცესი. აქ მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის უზარმაზარი, რომ როგორც ყოველთვის, ჩავატაროთ გამჭვირვალე, სამართლიანი და მაქსიმალურად დემოკრატიული არჩევნები, ისეთი არჩევნები, რომელიც კიდევ ერთი ხარისხის ნიშანი იქნება საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნები პანდემიის პირობებში არის გლობალური გამოწვევა, რომელიც ქვეყანას მისცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას.

პ​რემიერმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს მიმართა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყოველდღიურად, ჯანმრთელობასთან და ეკონომიკასთან ერთად აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც გასათვალისწინებელია.

არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას. არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა. ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ, რათა ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენ ქვეყანაში. ბატონო ამირან, ჩათვალეთ, რომ ყოველდღიურად ჩვენ ჯანმრთელობასთან, ეკონომიკასთან ერთად გვემატება ჩვენი აქტიური სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებაც და ესეც გასათვალისწინებელი იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს.