პოლიტიკა
117 მომხრე, სამი წინააღმდეგი - პარლამენტმა ახალი საარჩევნო სისტემა 120+30 სააკაშვილის პარტიის გარეშე დაამტკიცა (ვიდეო)

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა (ვიდეო იხ. აქ). წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით.

პროექტით, გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

კანონპროექტით განსაზღვრულია ისიც, რომ 2024 წლამდე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა. ამასთან, 2024 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გათვალისწინებული არ არის.