საზოგადოება
აშშ-ში საქართველოს საელჩო კონგრესისადმი კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილს ავრცელებს, რომელშიც საქართველოს დემოკრატიული წინსვლაზეა საუბარი

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი მიიღო, რომლითაც მან საქართველოს შესახებ კონგრესს მიმართა.

აღნიშნული შესახებ საქართველოს საელჩო „ფეისბუქში“ წერს და კონგრესმენის წერილსაც აქვეყნებს.

დღეს საელჩოში მივიღეთ სამხრეთ კაროლინის წარმომადგენლის კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი, რომლითაც მან გაგვიზიარა კონგრესისადმი მისი მიმართვის ტექსტი სახელწოდებით – „საქართველოს დემოკრატიული წინსვლა“.

წერილში კონგრესმენი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და წარმატებით მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საელჩო აღნიშნავს, რომ კონგრესმენმა წერილობითი მიმართვა კონგრესში 25 ივნისს გაგზავნა.

ქალბატონო სპიკერო, ეს კვირა განსაკუთრებული იყო საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მხრივ, იმ პირველი ნაბიჯით, რაც ქვეყნის პარლამენტმა და ქვეყანამ გადადგა პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით – მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის დამტკიცების გზით. ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების 8 მარტის გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა კომპრომისზე დაფუძნებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის. პარლამენტის მიერ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება მიუთითებს საქართველოს ერთგულებას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

ამერიკელი ხალხი აფასებს იმ ქართველი კანონმდებლების სიმამაცეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს 8 მარტის შეთანხმებას. ეს გულისხმობს იმ ნაბიჯებსაც, რაც უკავშირდება საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ძალისხმევას სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ. ამით საქართველო დაიცავს იმ პროგრესს, რასაც მიაღწია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში უპირობო მოდელი რეგიონში”, – ნათქვამია კონგრესმენ ვილსონის განცხადებაში.