პუბლიკაციები
ლუკაშენკომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმიტომ არ აღიარა, რომ მედვედევისგან ფული ვერ მიიღო!

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. 6 აგვისტოს უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუს დროს დმიტრი გორდონი შეეხო ბელარუსის მხრიდან აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის არ აღიარების საკითხს. გორდონს აინტერესებდა, შესთავაზა თუ არა პუტინმა ლუკაშენკოს ორი მილიარდი დოლარი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარების სანაცვლოდ.

ლუკაშენკოს თქმით, ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ფულად შემოთავაზებას, თუმცა მან აღნიშნა, რომ "საკითხის ფასი გაცილებით უფრო მაღალი იყო".

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საკითხს მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონია და სამხრეთ ოსეთის აღიარებით ან არ აღიარებით, სამხრეთ ოსეთს "არც დასცხებოდა და არც შესცივდებოდა".

"მე არასოდეს მქონია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის პრობლემა, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრე ვარ". – თქვა ინტერვიუში ლუკაშენკომ.

როგორც ალექსანდრ ლუკაშენკოს მონათხრობიდან ვიგებთ, როდესაც ქვეყნების წინაშე დადგა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება - არ აღიარების საკითხი, მასთან შესახვედრად ბელარუსში ჩავიდა ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპის კავშირის საბჭო გენერალური მდივანი, ხავიერ სოლანა. სოლანამ თხოვნით მიმართა ლუკაშენკოს, არ ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი, რადგანაც ბელარუსის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული, რა პოზიციას აირჩევდნენ დსთ-ს დანარჩენი ქვეყნები. იმ პერიოდში ბელარუსი სანქციების ქვეშ იყო. ლუკაშენკოს აინტერესებდა, რა მოხდებოდა, თუ ის სამხრეთ ოსეთს აღიარებდა. როგორც აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში ბელარუსზე დადებული სანქციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელარუსი გამოეთიშებოდა საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების S.W.I.F.T სისტემას.

მოგვიანებით დმიტრი მედვედევთან შეხვედრისას, ლუკაშენკო აღნიშნავს, რომ ის მზად იყო ეღიარებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მხარი დაეჭირა მოკავშირე რუსეთისთვის, ოღონდ ამის სანაცვლოდ მას ეკონომიკური გარანტიები სჭირდებოდა. ლუკაშენკოს მოთხოვნებზე საპასუხოდ, მედვედევმა თქვა, რომ ეკონომიკური საკითხები პუტინის კომპეტენციას წარმოადგენდა. შეთანხმება ლუკაშენკოსა და მედვედევს შორის არ შედგა და ლუკაშენკომ არ დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას.

ჩვენ ვერ შევთანხმდით, შენ ეს ახლავე გააკეთე და არ აქვს მნიშვნელობა შენს ბელარუსს რა მოუვა, მთავარი ეს უმნიშვნელო საკითხია. და ვის სჭირდებოდა ეს საკითხი, ვაღიარებდი თუ არა სამხრეთ ოსეთს? 24 საათში ყველას დაავიწყდებოდა, სანქციებს კი კიდევ უფრო მეტს მივიღებდით”, – თქვა ინტერვიუში ალექსანდრ ლუკაშენკომ.