საზოგადოება
2020-2021 სასწავლო წლისთვის თურქეთის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე რამდენიმე ათეული სტუდენტი ისწავლის

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. 2020-2021 სასწავლო წლისთვის თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე რამდენიმე ათეული სტუდენტი ისწავლის.

ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელში წერს.

სიხარულითა და სიამაყით გაუწყებთ, რომ ერთობლივმა ძალისხმევამ სასიკეთო შედეგი გამოიღო და 2020-2021 სასწავლო წლისათვის, თურქეთის რესპუბლიკის უნივერსიტეტებში მოქმედ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე უკვე გვყავს რამდენიმე ათეული პირველკურსელი.

გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს. სწორედ ამ უწყების უშუალო ჩართულობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე სტუდენტთა მიღების წესში შეტანილ იქნა ცვლილებები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა უნივერსიტეტებში ზემოთ ხსენებულ მიმართულებაზე გამოყოფილი სტუდენტთა კვოტის სრულად ათვისება.

გულითადად ვულოცავთ ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების პედაგოგებს და სტუდენტებს და შემდგომ საქმიანობაში ულევ წარმატებას ვუსურვებთ“, – წერს გიორგი ჯანჯღავა.