საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - აჭარას რაიმე თუ აქვს დასაცავი, პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს იქცევა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. აჭარას რაიმე თუ აქვს დასაცავი, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს იქცევა, – ასეთი კომენტარი გააკეთა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად იყო მონიშნული და ეწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“.

ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი – ბანერებიც, განცხადებებიც და ამას ხალხი ადეკვატურად შეაფასებს. ამავე დროს, მიუღებელია რომ ეს იქცეს იაფფასიან პოლიტიკური პოპულიზმის საგნად. თქვენ იცით, როგორც კი გამოჩნდა შესაბამისი ბანერები, მაშინვე მოახდინა მერიის შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ ქალაქში იყოს ამ შინაარსის მატარებელი ნებისმიერი ნიშანი. ყველას მინდა ვუთხრა და მოვუწოდო, რომ თუკი აჭარას აქვს რაიმე დასაცავი, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე აჭარის მთავრობა გააკეთებენ ყველაფერს მის დასაცავად და პოლიტიკური პოპულიზმის საგნად ეს ვერასდროს ვერ იქცევა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ბანერთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ჩამოხსნილია.