საზოგადოება
ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულში მონაწილეები დააკავეს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. ცხინვალის ე.წ.პარლამენტის სპიკერი ალან თადტაევი აცხადებს, რომ „სამართალდამცავებმა“ ის თანამშრომლები დააკავეს, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობასთან დაკავშირებულ დანაშაულში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.

სამართალდამცავები საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. ამ დანაშაულში მონაწილე ყველა თანამშრომელი დაკავებულია. ყველა მონაწილის დასჯის შესახებ გადაწყვეტილება ამ ღონისძიებების საფუძველზე იქნება მიღებული“, - აღნიშნა ე.წ. სპიკერმა „პარლამენტის“ საგანგებო სხდომაზე, რომელიც 29 აგვისტოს გაიმართა.

შეგახსენებთ, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ალან თადტაევმა „დეპუტატების“ საგანგებო შეკრებაზე განაცხადა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო შედგა. 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ინალ ჯაბიევი ოკუპირებული რეგიონის „სამართალდამცავებმა“ დააკავეს. არსებობს ვარაუდი, რომ ის წამების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულს ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ცხინვალის ცენტრში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, სადაც ე.წ. გენერალური პროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენება მოითხოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. „სამართალდამცავმა ორგანოებმა“ უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, ქალაქში მილიციის რაზმები მორიგეობენ.