უცხოეთი
რომის პაპი - რამდენი ტანჯვა, ჭრილობა, ომი შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუკი შენდობა და წყალობა ჩვენი ცხოვრების წესი იქნება

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. რომის პაპმა ფრანცისკემ, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო ქადაგების დროს, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე უდიდეს ბანაკ „მორიას“ დაწვის გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მიგრანტების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა.

„ბოლო დღეებში ხანძარმა გაანადგურა „მორიას“ ლტოლვილთა ბანაკი, ათასობით ადამიანი კი თავშესაფრის გარეშე დარჩა. სოლიდარობას ვუცხადებ ამ ტრაგიკული მოვლენის ყველა მსხვერპლს“, - აღნიშნა მან.

პაპმა ფრნცისკემ მსოფლიოს მასშტაბით გახშირებულ საპროტესტო აქციებზეც გაამახვილა ყურადღება. ფრანცისკეს განცხადებით, ეს პროტესტი "გამოხატავს მზარდ იმედგაცრუებას", რომელსაც ხალხი გარკვეულ კრიტიკულ პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებით განიცდის.

მან დემონსტრანტებს მოუწოდა, საკუთარი მოთხოვნები აგრესიისა და ძალადობის გარეშე, მშვიდობიანად გამოხატონ. რომის პაპმა, ხელისუფლების პირებსაც მოუწოდა, "მოუსმინონ საკუთარ მოქალაქეებს და მათ სამართლიან მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული პატივისცემის უზრუნველყოფით".

„რამდენი ტანჯვა, რამდენი ჭრილობა, რამდენი ომი შეიძლება იქნას თავიდან აცილებული, თუკი შენდობა და წყალობა ჩვენი ცხოვრების წესი იქნებოდა“, - დასძინა პაპმა.

interpressnews.ge