რელიგია
მათ, ვინც ხატი ილორის ეკლესიიდან გამოიტანეს, შეურაცხყვეს აფხაზი სასულიერო პირები - აფხაზი არქიმანდრიტი

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზმა სასულიერო პირმა, "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის" საბჭოს თავმჯდომარე არქიმანდრიტმა დოროთე დბარმა გააკრიტიკა აფხაზი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ქმედებისთვის, როცა მათ "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ნაჩუქარი ხატი ილორის ეკლესიიდან გამოიტანეს. მისი განცხადებით, იმ პირებმა შეურაცხყვეს არა ქართველი პოლიტიკოსები და სამღვდელოება, არამედ აფხაზი სასულიერო პირები.

"ეს იმიტომ, რომ "იარაღი" ტაძრის გარეთ უნდა დარჩეს. ამ შემთხვევაში, ილორში მსგავსი ტიპის საკითხები უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ ამ ტაძრის წინამძღოლმა, ან მისმა უშუალო ხელმძღვანელმა. მაგრამ არა აფხაზმა პოლიტიკოსებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. ასე არ უნდა მომხდარიყო", - აცხადებს დოროთე დბარი.

მისივე განმარტებით, ეკლესია ნეიტრალური ტერიტორია უნდა იყოს, ილორის ეკლესია კი წმინდაა არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსთვის. სასულიერო პირი ამბობს, რომ ეს შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ როგორც საეკლესიო ისტორიკოსს, შეუძლია ამის დამტკიცება.

"როცა მე ვსაუბრობ დასავლეთ საქართველოზე, ეს პირველ რიგში არის სამეგრელო, გურია, იმერეთი, რომლებიც როგორც ტერიტორიულად შედიოდნენ აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში, ისე აფხაზეთის საკათალიკოსოს შემადგენლობაში. აფხაზეთის საკათალიკოსოს, ანუ შუა საუკუნეების აფხაზეთის ეკლესიის ცენტრი იყო პიცუნდა და XVI საუკუნემდე იგი ასევე დარჩა", - ამბობს სასულიერო პირი.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი ხატი, რომელიც აქ მოხვდა 1992-93 წლების მოვლენების შემდგომ, ათეულობით ხატია, რომელიც "საქართველოდანაა ჩამოტანილი".

"ეხოკავკაზას" ცნობით, არქიმანდრიტმა დოროთემ ასევე აღნიშნა, რომ გალის რაიონში ბოლო 10 წლის განმავლობაში აშენდა რამდენიმე ეკლესია ქართველი სამღვდელოების, ან საერო პირთა მონაწილეობით, მათი ფინანსური მხარდაჭერით.

"ჩვენ რა, უნდა წავიდეთ და დავანგრიოთ ეს ეკლესიები? მეჩვენება, რომ მსგავსი მიდგომა არ უნდა გვქონდეს", - განმარტა მან.

დოროთე დბარი, რომელიც "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას" წარმოადგენს, უპირისპირდება რიგ საკითხებში "აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას". ის კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან დაახლოების მომხრეა, ბესარიონ აპლია, "აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის" წარმომადგენელი, პრორუსული ორიენტაციისა.

"პატრიოტთა ალიანსის" მიერ ილორის ტაძარში ჩატანილი ხატი საოკუპაციო ხაზთან მოიტანეს და ენგურის ხიდთან 5 სექტემბერს დატოვეს.

აფხაზეთის ეკლესიამ ქართველი დეპუტატების მიერ ნაჩუქარი ხატის დაბრუნებაზე განცხადება მანამდეც გაავრცელა. მასში აღნიშნული იყო, რომ მსგავსი აქციები მიუღებელია, სანამ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთის მართლამადიდებელი ეკლესიას და "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ მან გიორგი ლომიასთან ერთად ჩაიტანა ღვთისმშობლის ხატი ილორის ტაძარში.

მისი აფხაზეთში ვიზიტი უფრო ადრე, ე.წ. პრეზიდენტის უკვე ყოფილმა მრჩეველმა ლაშა საქანიამ დაადასტურა. საქანიას მტკიცებით, ქართველ პოლიტიკოსებთან არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა და ეს ვიზიტი მხოლოდ "ჰუმანიტარული" დანიშნულების იყო, რომლის ორგანიზებაც მოსკოველი მეგობრების თხოვნით მოახდინა.

სწორედ ამ ვიზიტის გამო, ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ "არუაამ" მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოითხოვა. საბოლოოდ, ლაშა საქანიამ თანამდებობა დატოვა.

Livepress.ge