პოლიტიკა
ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატები ხაშურში ნატო ჩხეიძე, ბოლნისში კახა ოქრიაშვილი, მცხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი, გურიაში მანუჩარ კვირკველია, რაჭაში დილარ ხაბულიანი იქნებიან

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ხაშურში ნატო ჩხეიძე, ბოლნისში კახა ოქრიაშვილი, მცხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი, გურიაში მანუჩარ კვირკველია, ხოლო რაჭაში დილარ ხაბულიანი იქნებიან.

მაჟორიტარების წარდგენა აუცილებლად მასშტაბური და საზეიმო იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ გურიაში ჩვენი კანდიდატი იქნება ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხაშურში – ნატო ჩხეიძე, ბოლნისში – კახა ოქრიაშვილი, მცხეთა-მთიანეთში – ცეზარ ჩოჩელი და რაჭაში – დილარ ხაბულიანი“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა საარჩვენო ბლოკის სიაში პაატა ბურჭულაძე, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ, სავარაუდოდ, ის ამას ვერ მოახერხებს.

პაატა ბურჭულაძესთან მოლაპრაკებები ოფიციალურად არ ყოფილა. მას, როგორც ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივსა და სპიკერს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას, ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის სურვილი. იქიდან გამომდინარე, რომ მას უამრავი კონტრაქტი აქვს, რომლის გადადებაც შეუძლებელია, თქვა, რომ გაუჭირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე განცხადებით, „ძალა ერთობაშია“ საერთო ღირებულებებისა და იდეოლოგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

2018 წელს ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ჩამოყალიბდა საერთო ღირებულებების და იდეოლოგიის საფუძველზე. ეს იდეოლოგია და ღირებულებები იყო უპირობო პროდასავლურობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ადამიანის უფლებების უპირობო დაცვა. 2018 წელს ჩვენს გაერთიანებას სწორედ ამან მოუტანა წარმატება. გახსოვთ, რა პოსტსაბჭოთა ტრიუკებსა და გაყალბებაზე მოუწია ხელისუფლებას წასვლა, რათა სასურველი კანდიდატი ათონელზე შეეტანა. აღმოჩნდა, რომ პარტიებსაც, რომლებიც დღეს მოლაპარაკებების საფუძველზე შემოგვიერთდნენ, ის მიზნები აქვთ, რაც ჰქონდათ იმ პარტიებს, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ გაერთიანებაში“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპელი დემოკრატები“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ.