საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევიდან 416 აჭარას, 72 თბილისს, 44 კი იმერეთს უკავშირდება.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგისტრირებულია 578 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 375 პაციენტი. აჭარაში დაფიქსირდა 416, თბილიში – 72, იმერეთში – 44, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 23, ქვემო ქართლში -10, გურიაში – რვა, სამცხე ჯავახეთში – სამი, კახეთში – ერთი, შიდა ქართლში – ერთი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე განმარტებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 4077 პაციენტიდან 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია, აქედან 43 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მარინა ენდელაძის ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან ცხრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

ამასთან, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელია და იმ ფონზე, რა რაოდენობის შემთხვევებიც ყოველდღიურად ფიქსირდება, ზრდა მასშტაბური არ არის.

ენდელაძის თქმით, ახალი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, თუ მოსახლეობა წესებს დაიცავს.

მატება მოსალოდნელია, გუშინ იყო 471 შემთხვევა, 471 შემთხვევიდან კიდევ არ არის ბევრი. ყველას ხომ აქვს თავისი კონტაქტები და ასეთი მატება ჯერჯერობით მოსალოდნელიც არის“, – განაცხადა ენდელაძემ.