საზოგადოება
დავით ზალკალიანი - მნიშვნელოვანია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე არ მოხდეს სამხედრო ზემოქმედება, რადგან ის არის სტრატეგიული ობიექტი

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. მნიშვნელოვანია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე არ მოხდეს რამე სახის სამხედრო ზემოქმედება, რადგან ის არის სტრატეგიული ობიექტი რეგიონისთვის და რეგიონს მიღმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ სტრატეგიული ობიექტები არის რეგიონის უსაფრთხოების გარანტორი. აქედან გამომდინარე, ზალკალიანის განმარტებით, ყველა არის დაინტერესებული, რომ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას.

რა თქმა უნდა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გადის სამხრეთ კავკასიაში, ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი ინტერესის სფეროა და მუდმივად ხდება მონიტორინგი ამ მიმართულებით. ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან რეგიონში, უშუალოდ იმ ქვეყნებთან, ვის ტერიტორიაზეც გადის ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, ასევე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, რადგანაც მნიშვნელოვანია, რომ ეს სტრატეგიული ობიექტები არის სწორედ გარანტორი რეგიონის უსაფრთხოების. აქედან გამომდინარე, ყველა არის ძალიან დაინტერესებული, რომ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში ჩვენს ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან და ამ მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება.

ჩვენ ვიხილეთ ორივე მხარის გამოხმაურება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ობიექტებზე არ მოხდეს რამე სახის სამხედრო ზემოქმედება, რადგანაც ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი მთლიანად რეგიონისთვის, ასევე რეგიონს მიღმა ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მათ ენერგოუსაფრთხოებასაც და მათი დივერსიფიკაციისთვის, იგივე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აზერბაიჯანის მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმების განხორციელება სცადეს. თუმცა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.