პოლიტიკა
გიორგი გახარია - საზღვრის დელიმიტაციის საკითხი არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიამ დავით გარეჯზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დავით გარეჯის ისტორია არ დაწყებულა არც გუშინ, არც ერთი თვის წინ, დავით გარეჯის ისტორია დაიწყო წლების წინ.

ზუსტად იმ ოპოზიციას, რომელიც პროვოკაციულ კითხვას სვამს, დიდი წვლილი მიუძღვის საკითხის გამწვავებაში. კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა, მათ, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა დაუსვან. არანაირი შეზღუდვები გამოძიებას არ ექნება. რაც შეეხება აზერბაიჯანთან ურთიერთობას, აზერბაიჯანი არის ჩვენი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრობის ფარგლებში და მოლაპარაკებების შედეგად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.