საზოგადოება
ილჰამ ალიევი – საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში იარაღი სამოქალაქო და სატვირთო თვითმფრინავებით გაგზავნეს

 საქართველო, 19 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიიდან სომხეთში კონტრაბანდული იარაღი სამოქალაქო და სატვირთო თვითმფრინავებით გაგზავნეს“, – აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ამ სიტყვებს მის მიერ 16 ოქტომბერს თურქული ტელევიზია „აჰაბერისთვის“ მიცემული ინტერვიუზე დაყრდნობით აზერბაიჯანული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ალიევი ამტკიცებს, რომ რუსეთში მცხოვრებმა „მდიდარმა სომეხმა ბიზნესმენებმა“ IL-76-ის ტიპის თვითმფრინავი შეიძინეს, რომლითაც მთიან ყარაბაღში დაქირავებული ე.წ. „რუსი სომეხი“ მებრძოლები გადაჰყავთ და ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვითი იარაღი გადააქვთ.

შემიძლია ვთქვა, რომ ირანმა და საქართველომ სომხეთში იარაღის გადასატანად საჰაერო სივრცე და სახმელეთო გზები ჩაკეტეს“, – თქვა ალიევმა და ორი მეზობელი ქვეყნის მთავრობების მიმართ მადლიერება გამოხატა. მიუხედავად ამისა, ალიევი ამტკიცებს, რომ სამხედრო ტვირთი სომხეთში არალეგალურად სამოქალაქო ტვირთის სახელით გადადის.

პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ საკითხზე აზერბაიჯანის მთავრობამ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) უკვე მიმართა.

მანამდე, ოქტომბერში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მთავრობამ „დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით“.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მიმართ სამხედრო ტვირთების გატარების შესახებ ბრალდებები არაერთხელ გაისმა. ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა სირიის მებრძოლთა აზერბაიჯანისკენ გატარებისა და საქართველოდან აზერბაიჯანში იარაღის შეტანაზე ბრალდებები რამდენჯერმე უარყვეს.

ბოლოს, ბრალდებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ 13 ოქტომბერს უარყო და საქართველოს მიერ სამხედრო ტვირთების გატარების შესახებ ცნობებს „ინფორმაციით მანიპულირება“ უწოდა.