საზოგადოება
თამარ ჩუგოშვილი - ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები

 საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აცხადებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიები იტყვიან, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ ითვლება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მონაცემები სწორად იყოს დათვლილი.

2 მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღეს არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო ან გადაითვალოს ის უბნები, ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს“,- წერს ჩუგოშვილი.

ამასთან, მისი თქმით, პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის მხრიდან შეცდომა იქნება. „პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა). დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე. ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტობრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.