უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი ქართველ დიპლომატებს მიმართავს - თქვენ გინდათ, რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში?

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მიმართავს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ისინი არიან ქართველები, მათ ხელფასს უხდის საქართველოს მოსახლეობა და უნდა წარმოადგინონ სრულიად საქართველო მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა.

„მინდა, მივმართო უცხოეთში აკრედიტირებულ საქართველოს დიპლომატებს, პრაქტიკულად ყველა საქართველოს საელჩო, რომელშიც თქვენ მუშაობთ, მათი 90% გახსნილია იმ დროს, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, თითოეულ ამ საელჩოში ჩადებულია მთელი გული, ენერგია და ისინი არიან ჩაფიქრებული როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობები და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ძალის ან მითუმეტეს ერთი ადამიანის. თქვენ ნახეთ, რა მოხდა საქართველოში, თუ პირველ ერთ-ორ დღეში შეიძლება რამე ეჭვი კიდევ გვქონოდა რომ, მართლა ხომ არ მოიგო ივანიშვილმა და მართლა ხომ არ აბუქებს რამეს სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფები, ახლა როცა გამოდის ციფრები, ოქმები, ვიდეო მასალები, საერთოდ ეჭვი არ ეპარება არავის უკვე, მათ შორის ჯერჯერობით მმართველ ჯგუფში, რომ არჩევნები ტოტალურად მოპარულია.

მაგალითად, ბათუმში არის გაყალბებული 70-80%-ით, წყალტუბოში ნანუკა ჟორჟოლიანი სადაც იყრიდა კენჭს გაყალბებულია 50% -ით დაახლოებით, საბურთალოში გაყალბებულია დაახლოებით 50%-60%-ით და უამრავ სხვა ადგილზე. პრაქტიკულად ყველგან არის გაყალბებული. ასეთი მასშტაბის მოპარვა მე მახსენდება ბოლოს ზიმბაბვეში. თქვენ გინდათ რომ ზიმბაბვეს და მუგაბეს წარმომადგენლები იყოთ უცხოეთში? ამიტომ მინდა, მოგმართოთ თქვენ, თქვენ ხართ ქართველები, თქვენ ხელფასს გიხდით საქართველოს მოსახლეობა, ისინი არიან გადასახადის გადამხდელები, თქვენ უნდა წარმოადგინოთ სრულიად საქართველო მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. პირველ რიგში, იმედია, რომ ბევრი თქვენგანი იტყვის სიმართლეს და გაემიჯნება ამ უბედურებას ისე, როგორც ეს ქნა გუშინ საარჩევნო კომისიის ძალიან მნიშვნელოვანმა წევრმა ბურდულმა, ისევე როგორც ეს თქვა გიგი გიგიაძემ ივერი მელაშვილს როცა დაუდგა გვერდზე, მაგრამ თუ ამის უნარი ჯერ არა გაქვთ, მინიმუმ შეწყვიტეთ ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ტირაჟირება რომელსაც გაწვდიან „ქართული ოცნების შტაბიდან“. ეს არ ემსახურება მშვიდობიან და წყნარ გადაწყვეტას სიტუაციის“,განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილს შანსი არა აქვს, რომ ასეთი გაყალბების მასშტაბზე შეინარჩუნოს ხელისუფლება.

„ივანიშვილი არის დამთავრებული, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გადასვლა იყოს მაქსიმალურად მშვიდობიანი, წყნარი, თითოეული თქვენგანის როლი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა გიხმობთ არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ სამშობლო. იმედი მაქვს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი სინდისიერების“,აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

1tv.ge